02 თებ 2026
პარლამენტი დღეიდან პარტიულ და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს. „გრანტების შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონებსა და კიდევ ხუთ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.
სავარაუდოდ, პირველი მოსმენით ცვლილებებს 3-4 თებერვლის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. ფართოვდება „გრანტის“ განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენისთვის.
ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება. ცვლილებები შედის „სისხლის სამართლის კოდექსშიც“.
ინიციირებული პროექტის მიხედვით, „გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.