29 იან 2026
ზოგადი განათლების რეფორმაში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. სიახლეებზე დღეს განათლების მინისტრმა ბრიფინგზე დამატებით ისაუბრა.
მისი თქმით, პირველკლასელთა ასაკი განისაზღვრება 6 წლით, რაც გულისხმობს იმას, რომ ბავშვის პირველ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი.
ასევე ახალი კონცეფციის თანახმად, სრული ზოგადი განათლება მოიცავს 11 წელს, სისტემაში შენარჩუნდება მე-12 კლასის შესაძლებლობა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც ნებაყოფლობით აირჩევენ დამატებითი აკადემიურ მზაობას.
გარდა ამისა მე-11 კლასში იქნება რეპეტიტორიუმი, რომელიც მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას სრულფასოვნად მოემზადოს ეროვნული გამოცდებისთვის.
გივი მიქანაძემ ერთი სახელმძღვანელოს პრინციპზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას შექმნას ერთ კლასში, ერთ საგანში ერთი სტანდარტული სახელმძღვანელო.
ეს პროცესი 2028 წლის სექტემბრისთვის დასრულდება. ამასთან, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში, მეექვსე კლასის ჩათვლით სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმა.