29 იან 2026
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია არამარტო ვალდებულია, არამედ შეუძლია, კიდევ უფრო მეტი წინსვლა შეიტანოს ეკონომიკური თანამშრომლობის კონტექსტში მთელ რეგიონში, – ამის შესახებ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურმა მდივანმა, ლაზარ კომანესკუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მე განსაკუთრებით მსიამოვნებს და მაქვს პატივი, რომ საქართველოში ვიმყოფები. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას ასეთი მდიდარი პროგრამის ორგანიზებისთვის, რომელსაც აშკარად აქვს იმის ამბიცია, რომ ხაზი გაუსვას საქართველოს, როგორც დამფუძნებელი წევრის მნიშვნელობას ჩვენი ორგანიზაციის არსებობაში. ისიც უნდა ვთქვა, რომ გენერალური მდივნის თანამდებობა როდესაც დავიკავე, ვცდილობდი, წელიწადში ერთხელ საქართველოში ჩამოვსულიყავი და ყოველთვის ვიღებდი მონაწილეობას ღონისძიებებში, დისკუსიებში, რომლებიც ჩვენს ორგანიზაციას უკავშირდებოდა. ამით ვადასტურებთ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო და ჩვენი ორგანიზაცია. მადლობას ვუხდი საქართველოს იმ დიდი წვლილისთვის, რომელიც შეაქვს ჩვენი ორგანიზაციის ფუნქციონირებაში და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონმა მინისტრმა როგორც ბრძანა, საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში, 2026 წლის პირველ ექვს თვეში ორგანიზაცია ნამდვილად შეძლებს, ძალიან ხელშესახები შედეგების მიღწევას. ქალბატონი მინისტრის მიერ ასევე იქნა ნახსენები, რომ ჩვენ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით, მაგრამ მეორე მხრივ, ვიტყვი, რომ ეს სერიოზული გამოწვევები გვაძლევს საშუალებას, ვიპოვოთ გზები და დავამტკიცოთ, რომ ვართ მედეგი, ძლიერი, გამძლე ორგანიზაცია“, – აღნიშნა ლაზარ კომანესკუმ.
მისივე თქმით, ყველა წევრ სახელმწიფოს თავისი წვლილი შეაქვს ამ ორგანიზაციის ფუნქციონირებაში.
„ჩვენ უკვე განვიხილეთ დღევანდელ შეხვედრაზე და ვაპირებ ამ საკითხების განხილვას შემდეგ შეხვედრებზეც, როდესაც მექნება პატივი, შევხვდე საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს წვლილით და საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში, ჩვენ შევძლებთ, კიდევ უფრო მეტი წინსვლის მიღწევას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობებს, რომელსაც გვაძლევს ეს სერიოზული გამოწვევები. არსებულ პირობებში რეგიონული თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ამიტომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია არამარტო ვალდებულია, არამედ შეუძლია, კიდევ უფრო მეტი წინსვლა შეიტანოს ეკონომიკური თანამშრომლობის კონტექსტში მთელ რეგიონში. ამაზე საუბარი გვქონდა ქალბატონ მინისტრთან და გვექნება დღის განმავლობაშიც – რა შეიძლება, გაკეთდეს თქვენი თავმჯდომარეობის პერიოდში იმისთვის, რომ ეს მიზნები იქნას მიღწეული. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საფუძველი, კარგი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ბოლო ორი წლის განმავლობაში. სტრატეგიული ჩარჩო დოკუმენტიც გაგვაჩნია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ახალი ეკონომიკური დღის წესრიგი გვქონდეს 2023 წლიდან მოყოლებული. ჩვენ გვაქვს პროექტების განვითარების ფონდი, რომელიც კვლავ განახლდა და აგრძელებს მუშაობას. ვეძებთ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ გარკვეული რეგიონული პროექტები განვახორციელოთ საქართველოს მონაწილეობითა და თავმჯდომარეობით“, – განაცხადა ლაზარ კომანესკუმ.