აჭარის ჯანდაცვის მინისტრი გოგოლის ქუჩაზე შეკრებილ მოქალაქეებს შეხვდა და საცხოვრებელი ფართის მისაღებად საჭირო პროცედურები განუმარტა 

27 იან 2026

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, სამინისტროს და ბათუმის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, გოგოლის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან კორპუსებთან შეკრებილ მოქალაქეებს შეხვდა.

მინისტრმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და განუმარტა, რომ გოგოლის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსები არის სახელმწიფოს ქონება და გამოყენებული იქნება სოციალური მიზნებისთვის. ნინო ნიჟარაძემ  მოუწოდა ოჯახებს, რომ მიმართონ განცხადებით ქალაქ ბათუმის მერიას, სადაც ფუნქციონირებს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლისგან შემდგარი კომისია და თითოეული ოჯახის განცხადება კრიტერიუმების შესაბამისად ინდივიდუალურად განიხილება.

"ზოგადად აღნიშნული საცხოვრებელი არის სოციალური მიზნით სახელმწიფოს ქონება. შესაბამისად გათვალისწინებული იქნება ყველა ის კრიტერიუმი როგორიცაა უსახლკარო მოქალაქე, დამატებითი სოციალური ქულა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ეკო მიგრანტი და ასე შემდეგ. ყველას მოვუწოდებ, მოქალაქეებს ვთხოვ მერიაში დაწერონ განცხადება. მერიაში ფუნქციონირებს უსახლკაროთა კომისია, რომელშიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მონაწილეობენ და ამ კომისიის მიერ იქნება თითოეული განცხადება ინდივიდუალურად შესწავლილი. ვინც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს აუცილებლად მიიღებს ბინას. გარდა ამისა აღნიშნული შენობა დღევანდელი მოცემულობით ბინის პირობებს არ აკმაყოფილებს, ამიტომ დამატებითი სამუშაოები იქნება საწარმოებელი, რასაც სჭირდება გარკვეული დრო. ამ დროის განმავლობაში მოხერხდება ყველა იმ განცხადების განხილვა, რომელიც დღემდე არის მერიაში დარეგისტრირებული, შესაბამისად თუკი ვინმეს არა აქვს ეს განცხადება დაწერილი შეგიძლიათ დღესვე მიმართოთ ან ვისაც აქამდე აქვს დაწერილი უკვე არის იმის დრო, რომ კომისია შეიკრიბოს და დაიწყოს კრიტერიუმების განხილვა. ინდივიდუალურად თითოეული განცხადების მიხედვით პრიორიტეტულად განიხილება ყველას დამატებითი მონაცემი: ქულა, შეზღუდული სტატუსი, მრავალშვილიანობა და ა.შ",- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით ის თუ რა დრო დასჭირდება განცხადებების განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას, ამ ეტაპზე დაზუსტებით თქმა შეუძლებელია. მისივე თქმით, ზუსტად რამდენი განცხადება არის დაწერილი და რამდენი დასაწერი ამას უფრო პროცესი აჩვენებს.

"როდესაც კომისია დაიწყებს მუშაობას, ვიდრე ეს შენობა ბინის მოცემულობას დააკმაყოფილებს, დამატებითი სამუშაოები შესრულდება იქამდე მოხდება ამ განცხადებების განხილვა და შესაბამისად დასაკმაყოფილებელ ბენეფიციარ და ბაზაც იქნება",- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აქციის მონაწილეებმა ნინო ნიჟარაძესთან შეხვედრის შემდეგ აქციის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ამბობენ, რომ ბრძოლას ბინების მისაღებად კვლავ გააგრძელებენ.