ჩვენი თანამშრომლის გარდაცვალების უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით ვრცელდება სპეკულაციური განცხადებები, უმორჩილესად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ მანიპულაციური განცხადებებისგან - სუს-ი

26 იან 2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის გარდაცვალების უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული პირების მხრიდან ვრცელდება სპეკულაციური განცხადებები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს გარდაცვლილის ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ტკივილს.

სუს-ი თანამშრომლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და თანამშრომლებს.

„კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის, სიმონ წაქაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის. სიმონ წაქაძე 2015 წლიდან მუშაობდა ჩვენს სამსახურში და იყო ღირსეული, გამოცდილი თანამშრომელი, რომელიც გამოირჩეოდა საქმისადმი ერთგულებითა და მაღალი პროფესიონალიზმით.

უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული პირების მხრიდან ვრცელდება სპეკულაციური განცხადებები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს გარდაცვლილის ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ტკივილს.

უმორჩილესად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ მანიპულაციური განცხადებებისგან და პატივი სცენ გარდაცვლილის ხსოვნას“, – აცხადებენ სუს-ში.