26 იან 2026
დღეს, როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზების გადაფასების პროცესშია, ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობისა და ლოგისტიკის ცენტრად ყალიბდება, ამ პროცესში გადამწყვეტია საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოში წარმატებით დაინერგა ევროკავშირთან თავსებადი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა, რაც ერთი დეკლარაციითა და ერთი გარანტიით უზრუნველყოფს ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებას ევროკავშირსა და კონვენციის წევრ 39 ქვეყანაში.
„დღეს, როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზების გადაფასების პროცესშია, ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობისა და ლოგისტიკის ცენტრად ყალიბდება. ამ პროცესში გადამწყვეტია საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები. ექსპორტისა და იმპორტის მზარდი მაჩვენებლების პარალელურად, საქართველოში წარმატებით დაინერგა ევროკავშირთან თავსებადი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა. ეს სისტემა ერთი დეკლარაციითა და ერთი გარანტიით უზრუნველყოფს ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებას ევროკავშირსა და კონვენციის წევრ 39 ქვეყანაში. ამასთანავე, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთობლივი საბაჟო-გამშვები პუნქტების პროექტებზე, რაც რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, მხოლოდ 2025 წლის განმავლობაში, საბაჟო დეპარტამენტის მიერ მიღებულ იქნა საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმისა და საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 2 658 გადაწყვეტილება.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივ და ოპერატიულ კოორდინაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან სანქციების აღსრულების ნაწილში. ჩვენი საბაჟო ადმინისტრაცია ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის. მხოლოდ 2025 წლის განმავლობაში, საბაჟო დეპარტამენტის მიერ მიღებულ იქნა საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმისა და საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 2 658 გადაწყვეტილება. ეს მონაცემი ნათლად ადასტურებს ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას გლობალური უსაფრთხოების მიმართ და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც საიმედო საერთაშორისო პარტნიორის რეპუტაციას.
საქართველოს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს საბაჟო სამსახურის ინსტიტუციურ მხარდაჭერას, ზრუნვას თქვენს ღირსეულ პირობებსა და განვითარებაზე, რადგან თქვენი წარმატება პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის სიძლიერეზე. ნკიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს, გისურვებთ მშვიდობასა და წარმატებებს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს მრავალფუნქციურ რეგიონულ ჰაბად, რაც კეთილდღეობას მოუტანს ყველას, მოქალაქეებსაც და პარტნიორებსაც და ეს სტრატეგია მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეფუძნება.