23 იან 2026
27-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა უსაფრთხო საცხოვრებელი შეიძინა. ბათუმის იუსტიციის სახლში საკუთრების რეგისტრაციის პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი დაესწრო. ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენა აჭარის მთავრობის მხარდაჭერით და ჯანდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით განხორციელდა.
წელს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 170 საცხოვრებელი სახლის შეძენა, ჯამში 8 მილიონ 742 ათასი ლარი გამოიყოფა.
პროგრამის ფარგლებში სტიქიით დაზარალებულებს საცხოვრებლის შეძენა საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე შეუძლიათ. ეკომიგრანტ ოჯახებს ასევე აქვთ შესაძლებლობა საცხოვრებელი ფართები შეისყიდონ ახალაშენებულ მრავალბინიან სახლებში ან მიიღონ თანადაფინანსება სახლის მშენებლობისთვის, უსაფრთხო ადგილზე მიწის ნაკვეთის არსებობის შემთხვევაში.
ცნობისთვის, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ახალი საცხოვრებელი თანადაფინანსებით ჯამში 1056-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა.