დაკავება ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე 

22 იან 2026

საგამოძიებო სამსახურმა ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ბრალდებული 2025-2026 წლებში სხვადასხვა დასახელების ბრენდულ ვადაგასულ პროდუქტს ყიდულობდა, რომელიც ცხოველების საკვებად უნდა გამოეყენებინა. 

დაკავებული პირი, კუსტარულად დამზადებული ბეჭდის მეშვეობით, პროდუქციას ვარგისიანობის ვადას უცვლიდა და აღნიშნული პროდუქტს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გურგენიანში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოდან ყიდდა.

ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული სასაწყობე ფართიდან და ავტომანქანიდან ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ბრენდული ვადაგასული პროდუქცია, ვარგისიანობის ვადის შესაცვლელად კუსტარულად დამზადებული ბეჭედი, ასევე ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა.