17 იან 2026
საფრანგეთმა ამერიკასთან უთანხმოების გამო, შესაძლოა, ნატო დატოვოს. საფრანგეთის პარლამენტში მომზადდა რეზოლუცია ქვეყნის ნატო-დან გასვლის შესახებ.
საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, მემარცხენე პარტიის, „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ დეპუტატი კლემანს გეტე.
როგორც გეტემ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, საფრანგეთში ნატო-დან გასვლის საკითხი, დიდი ხანია, განიხილება, თუმცა ახლა, როდესაც შეერთებული შტატები „ღიად იმპერიულ პოლიტიკას“ ატარებს, ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა.
„შეერთებული შტატები ღიად ახდენს გავლენას ევროპის არჩევნებზე ულტრამემარჯვენე ძალების სასარგებლოდ. ის ოფიციალურად თავისუფლდება საერთაშორისო სამართლისა და კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმებისგან და ფაქტობრივად ევროკავშირს საკუთარ ვასალად აქცევს“, - განაცხადა გეტემ.
ამ ვითარებაში, პოლიტიკოსის განცხადებით, საფრანგეთისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დარჩენა „არასასურველი და მიუღებელია“. ასეთი წევრობა, მისი თქმით, საფრანგეთს მნიშვნელოვან რისკებს უქმნის და შეიძლება, ქვეყანა ჩაერთოს კონფლიქტებში, რომლებიც ეწინააღმდეგება საფრანგეთის ინტერესებს, პრინციპებსა და საერთაშორისო ვალდებულებებს.