ჩვენი ურთიერთობები ჩინეთთან უფრო პროგნოზირებადია, ვიდრე აშშ-თან - კანადის პრემიერ-მინისტრი

17 იან 2026

კანადის ურთიერთობები ჩინეთთან უფრო პროგნოზირებადი გახდა, ვიდრე შეერთებულ შტატებთან, - ამის შესახებ, კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ პეკინში ვიზიტისას განაცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა ჩინეთი კანადისთვის უფრო პროგნოზირებადი და საიმედო პარტნიორი, ვიდრე აშშ, კარნიმ უპასუხა, რომ ოტავასა და ვაშინგტონს შორის კავშირები „უფრო ღრმაა“, თუმცა ჩინეთთან ურთიერთობები უფრო პროგნოზირებადი გახდა.

„ჩვენი ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან – და ეს ახალი ამბავი არ არის – გაცილებით მრავალმხრივი, უფრო ღრმა და უფრო ფართოა, ვიდრე ჩინეთთან. თუმცა, დიახ, ჩინეთთან ურთიერთობების განვითარების კუთხით, ბოლო თვეებში ეს უფრო პროგნოზირებადი გახდა“, –  განაცხადა კარნიმ.

მისი თქმით, პეკინში გამართული მოლაპარაკებების დროს კანადასა და ჩინეთს შორის გაიმართა „გულწრფელი საუბრები“ თანამშრომლობის შესახებ.

16 იანვარს ჩინეთმა და კანადამ ხელი მოაწერეს, სავაჭრო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, კანადა ჩინურ ელექტროავტომობილებზე ტარიფებს შეამსუბუქებს, რომლებიც მან აშშ-თან ერთად 2024 წელს დააწესა. სანაცვლოდ, ჩინეთი შეამცირებს საბაჟო გადასახადებს კანადის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე.