გივი მიქანაძემ მასწავლებლებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო

17 იან 2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ თბილისის სკოლების მასწავლებლებთან, მშობლებთან და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც მათ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში სიახლეებზე ისაუბრა და არსებული გამოწვევების დაძლევის გზები განიხილა.

„შეხვედრის მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვები დასვეს და მინისტრს საკუთარი პოზიციები და მოსაზრებები გაუზიარეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები თამარ მახარაშვილი და ზვიად გაბისონია, პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი და თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია.

მასწავლებლებთან, მშობლებთან, სკოლების დირექტორებსა და რესურსცენტრების თანამშრომლებთან მსგავსი შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში გაიმართა. აღნიშნულის მიზანს რეფორმის კონცეფციის განხილვის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის დოკუმენტი უახლოეს მომავალში დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.