ოთარ კიტეიშვილმა „კოპენჰაგენს“ გაუტანა

15 იან 2026

ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ესპანეთის ქალაქ მარბელაში მიმდინარე შეკრებაზე ამხანაგური მატჩი „კოპენჰაგენთან“ გამართა და 4:2 გაიმარჯვა.

ავსტრიის ჩემპიონმა პირველი ტაიმი 2:1 მოიგო, 54-ე წუთზე კი მეკარესთან პირისპირ გასულმა კიტეიშვილმა „შტურმის“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და ანგარიში 3:1 გახადა.

 ქართველმა ნახევარმცველმა მოედანი 72-ე წუთზე დატოვა, მის ნაცვლად კი თამაშში გიზი მამაგეიშვილი ჩაერთო.

გრაცის „შტურმი“ სეზონს 22 იანვარს ევროპალიგის ძირითადი ეტაპის მატჩით განაახლებს, როდესაც როტერდამში „ფეიენოორდს“ ესტუმრება, ხოლო 30 იანვარს შინ ნორვეგიულ „ბრანს“ დაუპირისპირდება.