საია-მ ციალა ქათამიძის საქმეზე ევროპულ სასამართლოში საჩივარი გაგზავნა

13 იან 2026

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით საჩივარი გააგზავნა.

საქმე ეხება სამოქალაქო აქტივისტ ციალა ქათამიძის ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავებასა და მის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებას.

1 წლის წინ, 2025 წლის იანვარში, პოლიციამ ციალა ქათამიძე ქ. ბათუმში ადმინისტრაციული წესით დააკავა და მოგვიანებით, მის მიმართ ერთსა და იმავე ფაქტზე 2 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო.

ორივე საქმეზე სასამართლომ ციალა სამართალდამრღვევად ცნო და დააჯარიმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრის მიხედვით ციალა ქათამიძის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული დაკავებით, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებით, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ისეთი უფლებები, როგორებიცაა - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება , საქმის სამართლიანი განხილვის უფლება , გამოხატვის თავისუფლება  და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება.