ხვალ მექნება სიტყვით გამოსვლა აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე, სადაც ძირითადი თემა იქნება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის საკითხები - პრემიერი

13 იან 2026

ხვალ მექნება სიტყვით გამოსვლა აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე, სადაც ძირითადი თემა იქნება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის საკითხები და პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებ ჩვენი ქვეყნის პოტენციალზე ამ მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განუცხადა.

პრემიერის თქმით, დღეს გაიმართა შეხვედრები კონკრეტული კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

"ძალიან მნიშვნელოვან სამიტს ვესწრებით აბუ-დაბიში, რომელიც ძირითადად ეხება ეკონომიკურ და ენერგეტიკის საკითხებს. დღეს მონაწილეობა მივიღე გახსნის ღონისძიებაში. ასევე დღეს დღის განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი კონკრეტული კომპანიების წარმომადგენლებს, განვიხილეთ თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, მათ შორის საინვესტიციო მიმართულებით, ისეთ სფეროებში, როგორიც არის ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი, ენერგეტიკა.

ვფიქრობთ, რომ ეს შეხვედრები ხელს შეუწყობს ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას ქვეყნებს შორის და ასევე კონკრეტულ კომპანიებთან. პოტენციალი ძალიან დიდია. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ. ხვალ მექნება გამოსვლა სამიტზე, სადაც ძირითადი თემა იქნება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის საკითხები და პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებ ჩვენი ქვეყნის პოტენციალზე ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის, დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას.

"ძალიან დიდი ინვესტიციებიც იდება ამ ყველაფერში, გვაქვს კონკრეტული პროექტები და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ექსპორტის განვითარებას და, ზოგადად, ტრანზიტის განვითარებას ჩვენი ქვეყნის გავლით"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.