13 იან 2026
ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში. ჩემპიონ-პრიზიორები ათ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, რომელთაგანაც დაკომპლექტდება ეროვნული ნაკრები, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე სხვადასხვა რანგის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირებზე იასპარეზებს.
ტრადიციულად, წარმატებით იასპარეზა აჭარის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რომელმაც საერთო ჯამში სხვადასხვა სინჯის 17 მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გახდნენ: ფრიდონ აბულაძე, ანრი ხოზრევანიძე, რამაზ ზოიძე, თორნიკე მიქელაძე და ლაშა გობაძე. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: ნიკა ბროლაძე, დათა ჩხაიძე, დიეგო ჩხიკვაძე, რომეო ბერიძე და აჩიკო ბოლქვაძე. ბრინჯაოს მედლები კი ირაკლი შავაძემ, რატი ხოზრევანიძემ, ლუკა კოჩალიძემ, ოთარ აბულაძემ, ანრი ფუტკარაძემ, გიორგი კოჩალიძემ და ლუკა გაბისონიამ მოიპოვეს. რაც შეეხება თავისუფალ ჭიდაობას, აჭარის ნაკრების მონაგარი ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოს მედალი. ვიცე-ჩემპიონი გახდა რამაზ თურმანიძე, მამუკა კორძაია კი ბრინჯაოს დასჯერდა.
აქვე გეტყვით, რომ ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ 2025 წლის საუკეთესო მსაჯად ბათუმელი, ოლიმპიური კატეგორიის არბიტრი ზაზა ჯიბლაძე დაასახელა, რომელსაც კუთვნილი ჯილდოც გადაეცა.