ბათუმის ნაწილს ხვალ ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდება

11 იან 2026

ხვალ 12 იანვარს 2 587 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. ინფორმაციას ადასტურებს „სოკარი“. 

კომპანიის ცნობით, ხვალ 10:00დან 18:00 საათამდე გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი  გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია.გაზი შეუწყდებათ აბონენტებს: 26 მაისის, მელიქიშვილის, მემედ აბაშიძის, ფარნავაზ მეფის, კლდიაშვილის, ყაზბეგის, გორგილაძის, ეგნატე ნინოშვილის, ვაჟა ფშაველას, ვახტანგ გორგასლის, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩებზე მცხოვრებ ოჯახებს.  

რაც შეეხება აღდგენას, „სოკარის“ ცნობით, ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 12 იანვარს 18:00 საათიდან და  აღდგება დღის ბოლომდე.

„სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.