აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში შეკრებილები საიმიგრაციო სამსახურის აგენტის მიერ ქალის მკვლელობას აპროტესტებენ

11 იან 2026

აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება. შეკრებილები საიმიგრაციო სამსახურის აგენტის მიერ ქალის მკვლელობას აპროტესტებენ. „სიენენის“ ინფორმაციით, ლოს ანჯელესში ასობით მომიტინგე შეიკრიბა ფედერალურ შენობებთან. ვანდალიზმის შემთხვევების გამო პოლიციამ აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

სამართალდამცველებთან შეტაკებისას ოფიცერზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დემონსტრაცია გაიმართა ტეხასშიც. ფედერალურ შენობებთან აქციის მონაწილეებს საიმიგრაციო სამსახურის საწინააღმდეგო პლაკატები ეჭირათ და აღნიშნული უწყების გაუქმებას ითხოვდნენ.

ცნობისთვის, აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც მინეაპოლისში ჩატარებული ოპერაციის დროს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის  აგენტმა ავტომობილში მყოფ ქალს ესროლა და მოკლა.