11 იან 2026
ირანში მიმდინარე მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე საავადმყოფოები გადატვირთულია გარდაცვლილი და დაშავებული პაციენტებით, - ამის შესახებ სამი საავადმყოფოს თანამშრომლებმა BBC-ს განუცხადეს.
თეირანის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდებს პირდაპირი დამიზნებით თავებსა და გულებში აქვთ ნასროლი. მისი ინფორმაციით, პაციენტების რაოდენობა იმდენად ბევრი იყო, რომ ექიმებს გულ-ფილტვის რეანიმაციის პროცედურისთვის დრო აღარ რჩებოდათ.
BBC-ის სპარსული სამსახურის ინფორმაციით, პარასკევს ღამით ქალაქ რაშტის პურსინას საავადმყოფოში 70 ცხედარი მიასვენეს.
ცნობისთვის, ირანის დედაქალაქ თეირანში ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების გამო საპროტესტო აქციები ორი კვირის წინ დაიწყო და მომდევნო დღეებში ქვეყნის ყველა პროვინციის 100-ზე მეტ ქალაქსა და დაბაში გავრცელდა. მედიის ინფორმაციით, დაღუპული და დაშავებულია ასობით მომიტინგე.