07 იან 2026
26 წლიანი უცვლელი ტრადიცია - საქართველოში ქრისტესშობა ტრადიციული ალილოთი აღინიშნა. ქრისტეს შობისადმი მიძღვნილი საგალობლებითა და ლოცვით შემოიარეს ალილოს მონაწილეებმა ბათუმი.
მსვლელობამ ბათუმის ქუჩებში, სიკეთისა და თანადგომის გზავნილით, სასულიერო პირები, ბავშვები, ოჯახები და ქალაქის სტუმრები გააერთიანა.
მსვლელობა ბათუმის სხვადასხვა ტაძრიდან დაიწყო და მორწმუნეებმა საშობაო განწყობა ქალაქის არაერთ ქუჩაზე შექმნეს. ალილოს მონაწილეები მწყემსებსა და ანგელოზებს განასახიერებენ,რომლებმაც კაცობრიობას მაცხოვრის დაბადება ახარეს. თანაქალაქელებს შობის დღესასწაული მიულოცეს, შობის სიხარული გაიზიარეს და შესაწირი შეაგროვეს,რომლებსაც მათ გადასცემენ ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ,სწორედ ერთიანობა და სიკეთე იყო დღევანდელი დღის ერთ-ერთი გზავნილიც.
ალილოს მსვლელობის უძველესი ტრადიცია საქართველოს პატრიარქის ,ილია მეორის ლოცვა კურთხევით საქართველოში მრავალი წელია აღდგა, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში კი საშობაო მსვლელობა სამი ათეული წელია იმართება.
შობის მახარობლები დილიდან გამოჩნდნენ ქობულეთში. სასულიერო პირებმა, სტიქაროსნებმა და მრევლმა ფეხით მსვლელობით მოიარეს ქალაქის ქუჩები, გზადაგზა კი მათ ადგილობრივებიც შეუერთდნენ.
მსვლელობა მერიის წინ მდებარე მოედანზე დასრულდა, სადაც ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა გადასცეს. შეგროვილ ნობათს სოციალურად დაუცველ ოჯახებს გაუნაწილებენ.
''ალილოს“ ტრადიციული მსვლელობა ხულოში ხარების სახელობის ეკლესიიდან დაიწყო და ორ საათს გაგრძელდა. სასულიერო პირებმა მორწმუნეებთან ერთად დაბა ხულოში ქუჩები ხატებით და გალობით მოიარეს და მოსახლეობას ქრისტესშობის დღესასწაული მიულოცეს.
ქრისტესშობა იზეიმეს მორწმუნეებმა ქედაშიც. ალილოს მსვლელობას, რომელიც წმინდა ნიკოლოზის ტაძრიდან დაიწყო, სხალთის ეპარქიის დეკანოზი ევდემოზ ალელიშვილი უძღვებოდა. სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობა სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. შობის მახარობლებმა დაბის ქუჩები მოიარეს და ადგილობრივებს შობა საშობაო გალობით მიულოცეს.
დედაქალაქში ალილოსთვის შეკრება პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და სამების საკათედრო ტაძართან დასრულდა. შობის მახარობლების ნაწილს პატრიარქმა უმასპინძლა და დალოცა, სამების საკათედრო ტაძარში საშობაო პარაკლისი ჩატარდა, ალილოს მსვლელობის დროს შეგროვილი ნობათი მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებს გადაეცემა.