05 იან 2026
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ვენესუელას მართავს. ტრამპმა ისაუბრა ამერიკული სპეცდანიშნულების სამხედრო ოპერაციის შესახებაც, რომლის შედეგადაც ნიკოლას მადური დააკავეს.
„საოცარი იყო, რომ მხოლოდ რამდენიმე დაშავებული გვყავს, მაგრამ ყველა კარგ მდგომარეობაშია ახლა. ვიცოდი, რომ დიდი საშიშროება იყო“,- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპს კითხვა დაუსვეს იმის შესახებაც, თუ ვინ უნდა მართოს ვენესუელა.
„ნუ მკითხავთ, ვინ მართავს, რადგან პასუხს გაგცემთ და ძალიან საკამათო იქნება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიქნებით მთავარი. ვენესუელა ახლა მკვდარი ქვეყანაა. ეს არის ქვეყანა, რომელიც, გულწრფელად, ჩვენ ვიქნებოდით, თუ არჩევნებში წავაგებდი, ჩვენ მკვდარი ქვეყანა ვიქნებოდით“,- განაცხადა ტრამპმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ამერიკული ნავთობკომპანიები შევლენ ვენესუელაში და აღადგენენ ქვეყნის ნავთობის ინფრასტრუქტურას. მისი თქმით, კომპანიები მზად არიან დიდი ინვესტიციების განსახორციელებლად, ხოლო თავად აშშ-ის მთავრობა ფინანსურად არ ჩაერევა ამ პროცესში.
„ჩვენ უბრალოდ ვიზრუნებთ ქვეყანაზე. ვიზრუნებთ ხალხზე, მათ შორის ვენესუელელებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ და იძულებული იყვნენ,დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყანა. დიახ, მათზე ძალიან კარგად იზრუნებენ“,- აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ ვენესუელის ოპოზიციონერ ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს არ გააჩნია ქვეყნის „პატივისცემა“ მის სამართავად.
დონალდ ტრამპის თქმით, მას მაჩადოსთან არ ჰქონია კომუნიკაცია, თუმცა აღნიშნა, რომ არ სჯერა მისი შესაძლებლობის ვენესუელის ლიდერობასთან დაკავშირებით.
დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ კოლუმბიის მთავრობას „ავადმყოფი ადამიანი მართავს“.
„ჩვენ გვყავს ძალიან ავადმყოფი მეზობელი, ის მეზობლად შეიძლება, ჩაითვალოს და ეს არის ვენესუელა. კოლუმბიაც ძალიან ავადაა. მართავს ავადმყოფი კაცი, რომელიც კოკაინს აკეთებს და შეერთებულ შტატებში ყიდის. ის დიდხანს არ გააკეთებს ამას. მას აქვს კოკაინის ქარხნები და ფაბრიკები. დიდხანს ვეღარ გააკეთებს ამას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა,ჩაატარებს თუ არა შეერთებული შტატები ოპერაციას კოლუმბიაში.
„კარგად ჟღერს ჩემთვის. იცით რატომ? რადგან ისინი ბევრ ადამიანს კლავენ“,- უპასუხა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, კუბა კოლაფსის პირასაა.