აშშ-ის ოპერაცია ვენესუელაზე – გამოხმაურებები

03 იან 2026

ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს აშშ-ის მიერ დაკავებასა და ქვეყნიდან გაყვანის ფაქტს უკვე მოჰყვა გამოხმაურებები მსოფლიოში. ევროკავშირი „თავშეკავების“ და საერთაშორისო სამართლის დაცვის მოწოდებებით გამოვიდა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ მადუროს ლეგიტიმაცია არ გააჩნია, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს ქარტიის პრინციპები დაცული უნდა იყოს.

ვენესუელის წინააღმდეგ აშშ-ის აგრესიის საბაბს უსაფუძვლო უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ იდეოლოგიურმა მტრობამ საქმიან პრაგმატიზმსა და პროგნოზირებადი ურთიერთობების დამყარების სურვილს სძლია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ ვენესუელას გარე ჩარევის გარეშე საკუთარი ბედის განსაზღვრის უფლება უნდა ჰქონდეს. თავის მხრივ, განცხადებები ვრცელდება ვენესუელის ოფიციალური პირების მხრიდან, რომლებიც პირველ რიგში ითხოვენ მადუროს სიცოცხლის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, შემდეგ კი აღნიშნავენ, რომ ვენესუელა ყველაზე კრიმინალური სამხედრო აგრესიის სამიზნედ იქცა და თავდაცვისთვის ყველა შესაძლებლობას გამოყოფენ.