31 დეკ 2025
საფეხბურთო კლუბ ბათუმის დინამოს გასხვისების პროცესი ოფიციალურად დასრულდა. კლუბი ადასტურებს, რომ დინამო ბათუმის 100%-იანი წილი სააქციო საზოგადოება დ.ბ 1923-მა შეიძინა.
დინამო ბათუმის შესყიდვა დამტკიცებულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ. სააქციო საზოგადოება დ.ბ 1923, ბიზნესმენ თემურ მიქელაძის ხელმძღვანელობით კლუბზე სრულ კონტროლს 2025 წლის 29 დეკემბრიდან იღებს. სააქციო საზოგადოებამ დინამო ბათუმის 100%-იანი წილი 30 მილიონიანი ვალდებულებისა და კლუბის გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების საფუძველზე მიიღო.
„ჩვენი მიზანია ფინანსურად მდგრადი კლუბის შექმნა, სწორედ ამიტომ ბათუმის დინამო სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. ეს მოდელი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს შეიძინოს კლუბის აქციები და ამ ფორმით ჩაერთოს მის განვითარებაში. ეს ეხებათ, როგორც ადგილობრივ ბიზნესმენებს, ასევე გულშემატკივართა ჯგუფებს და ნებისმიერ დაინტერესებულ ჯგუფს, ვისაც სურვილი ექნება, რომ კლუბი ჩვენთან ერთად განავითაროს.
ამიტომ გარდამავალი პერიოდის დასრულებისთანავე, ჩვენ აქტიურად დავიწყებთ კლუბის აქციების გასხვისების პროცესს“, - განაცხადა კლუბის ახალმა მფლობელმა თემურ მიქელაძემ.