31 დეკ 2025
ერთი ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა, მათ შორის უცხოელი ტურისტები პერუს ისტორიულ მაჩუ-პიქჩუსთან ახლოს მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად. დაღუპული მატარებლის მემანქანეა.
ორი მატარებელი პირისპირ შეეჯახა ინკების ციტადელ მაჩუ-პიქჩუსკენ მიმავალ რკინიგზაზე, რომელიც ანდების ამ ქვეყნის მთავარი ტურისტული მიმართულებაა და ყოველწლიურად მილიონზე მეტ ვიზიტორს იზიდავს.
ავარიის შემდეგ მაშველების მისვლამდე მგზავრებმა ერთმანეთის დახმარებით მატარებელი დატოვეს, ზოგიერთი დაშავებული მატარებლიდან საკაცით გამოიყვანეს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაახლოებით 20 დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. პოლიციამ ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.