ძლიერმა ქარმა ქობულეთში რამდენიმე შენობის სახურავი დააზიანა

30 დეკ 2025

ძლიერმა ქარმა ქობულეთში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა, ასევე დააზიანა სავაჭრო ობიექტი, რამდენიმე ავტომობილს სახურავიდან გადმოვარდნილი ფრაგმენტი დაეცა და დაზიანდა.

შემთხვევის ადგილზე გვიან ღამით, მაშველები  და მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ.  ტერიტორია უკვე გაასუფთავეს და მოსახლეობას პირველადი დახმარება გაუწიეს.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ ყველა შემთხვევის შეისწავლიან.მუნიციპალიტეტისთვის მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია დაადგენს. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში ქარმა 12 საცხოვრებელ სახლს გადახდა სახურავი.

ასევე, გარკვეულ სოფლებში ფიქსირდება შეზღუდვები. მათ შორის, თამარ მეფის სანაპირო ზოლის გარკვეულ მონაკვეთზე ზღვის შტორმა ქვა-ღორღი ამოყარა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ამ დროის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის სოფლებში - მუხაისტატე, წყავროკა, ლეღვა და ქაქუთი - ელექტრო ენერგიის მიწოდება შეზღუდულია. დაახლოებით 1000 აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მიმდინარეობს აღდგენითი პროცესი.

რაც შეეხება სასმელ წყალს, ის მხოლოდ სოფელ ცეცხლაურში არ მიეწოდება. ბუნებრივი აირი კი შეუფერხებლად მიეწოდება.

ფოტო გალერეა