30 დეკ 2025
ბათუმის საფეხბურთო აკადემია „ოლიმპმა“ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა და სეზონის წარმატებული ნორჩი ფეხბურთელები დააჯილდოვა. აკადემია ჯერ ერთი წლისაც არაა, თუმცა უკვე მოასწრო არაერთ რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო მასშტაბის ტურნირზე ასპარეზობა და გამარჯვებებიც.
„ოლიმპში“ რვა ასაკობრივი ჯგუფი ფუნქციონირებს და საუკეთესო ფეხბურთელები სწორედ თავად გუნდის წევრებმა დაასახელეს. ასაკობრივი კატეგორიების გამარჯვებულები გახდნენ: ცოტნე გათენაძე, სანდრო შამილიშვილი, მათე მამეიშვილი, მიშიკო სურმანიძე, დემეტრე ტუმასიანი, გიორგი სურმანიძე და გუგა ბალაძე, რომლებსაც აკადემიის ხელმძღვანელობამ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
მთავარი პრიზის მფლობელი კი 13-წლიანთა გუნდის კაპიტანი დავით ბალაძე გახდა, რომელმაც გასულ სეზონში თავი 22 გატანილი გოლით გამოიჩინა. აკადემიის ხელმძღვანელობამ დავით ბალაძე ბაკურიანის საგზურით დააჯილდოვა.