ბაჩო ახალაიას ბრალი წარედგინა

27 დეკ 2025

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

დაკავებულს ბრალი გუშინ ღამით ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება ყოფილ მაღალჩინოსანს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც დაკავებულის ადვოკატი ამბობს, ბაჩო ახალაია ბრალს არ ეთანხმება და არ აძლევს ჩვენებას, რადგან არ ენდობა გამოძიებას.  

მისივე ინფორმაციით, გაუთქმელობის ხელწერილზე გამომძიებლის მოთხოვნის მიუხედავად მან ხელი არ მოაწერა, ვინაიდან, აღნიშნულით დაცვის უფლება შეეზღუდებოდა.  

თავდაცვის ყოფილი მინისტრი 25 დეკემბერს დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წუთებით და წამებით გაშიფრა და დაადგინა, რომ ბაჩო ახალაია 4 ოქტომბერს ინტერნეტ-აპლიკაციით მუდმივ კომუნიკაციაში იყო აქციის ორგანიზატორებთან.

სუს-ის ინფორმაციით, ახალაია ორგანიზატორებთან კომუნიკაციისთვის მისი მეუღლის ანა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ აიპი მისამართს და ოჯახის ახლობლის ზვიად გაგუას ტელეფონს იყენებდა.