27 დეკ 2025
აჭარაში სხვადასხვა სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის რეგიონის გამორჩეულ ადამიანებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო გადაეცათ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონის მიღწევები არის ძლიერი გუნდის, სწორად დაგეგმილი პოლიტიკისა და თითოეული თანამშრომლის პასუხისმგებლობიანი შრომის შედეგი.
,,დღევანდელი ღონისძიება არის ერთი მხრივ შესრულებული საქმიანობის შეჯამება, მეორე მხრივ კი დაჯილდოება და მადლიერების გამოხატვა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს, როგორც ჩვენი რეგიონის, ასევე სხვადასხვა სფეროს განვითარებაში. პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩვენი მიღწევები, რომელიც მიმართულია მოქალაქეების საჭიროებებზე, არის ძლიერი გუნდის, სწორად დაგეგმილი პოლიტიკისა და თითოეული თანამშრომლის პასუხისმგებლობიანი შრომის შედეგი. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თითოეულ თანამშრომელს. თქვენ მიერ გაწეული სამსახური არ არის მხოლოდ პროფესიული ვალდებულება, ეს არის ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომა. დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი კიდევ უფრო შედეგიანი იქნება და ერთობლივი თანამშრომლობით მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული არაერთი პროექტი განხორციელდება. მადლობა კიდევ ერთხელ გაწეული შრომისთვის,” - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
ტბელ აბუსერისძის I, II და III ხარისხის ორდენები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მედალი და საპატიო წოდება, ქვეყნისა და რეგიონის წინსვლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის 14 ადამიანს გადაეცა. საპატიო ჯილდოები გამარჯვებულებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ გადასცეს.
ღონისძიებას მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმნისტრაცია ავრცელებს.