26 დეკ 2025
ბათუმის სპორტის სასახლემ 2025 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა და გასული სპორტული სეზონის საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვა. ასევე დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული სპორტსმენები.
საქართველოს სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების წოდებები მიენიჭათ მინდია შაინიძეს, მარად აბულაძეს, მურმან ბერიძეს და უჩა შავაძეს.
სპორტის დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა საკალათბურთო კლუბ „ბათუმის“ დირექტორს ლაშა კეშელავას, ნიჩბოსნობაში რევაზ ეზიეშვილს და ქართული ჭიდაობის მწვრთნელს პაატა ურიადმყოფელს. სპორტის რაინდის წოდება კი ჯემალ არობელიძეს მიენიჭა.
აღინიშნა ქვიშაზე ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჯემალ კილაძის ღვაწლიც, რომელიც მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ და მსოფლიო ჩემპიონატების საორგანიზაციო კომიტეტმა 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.
საერთო ჯამში, 2025 წელს სპორტის სასახლის ათლეტებმა სპორტის სხვადასხვა სახეობებში, სხვადასხვა რანგის ტურნირზე მოიპოვეს 43 ოქროს, 172 ვერცხლისა და 197 ბრინჯაოს მედალი.