ამერიკული სანქციები ევროკავშირის ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ - გამოხმაურება

25 დეკ 2025

ევროკავშირის უკმაყოფილება ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაზე ხუთი პირის დასანქცირებასთან დაკავშირებით, რომელთა შორისაა ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი, კვლავ შეფასებების თემაა თბილისში. ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებებს მმართველ გუნდში ბუმერანგის ეფექტად აფასებენ. ოპოზიციური სპექტრის ნაწილი შეფასებისგან თავს იკავებს.
მეორე ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიდი განსხვავებაა, რადგან მათივე თქმით, ქართველებს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, ამერიკას კი - ევროპასთან მხოლოდ პარტნიორული ურთიერთობა აქვს. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ხუთ პირს, რომლებიც ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე მასალების ცენზურას ახდენდნენ, აშშ-ში შესვლა აუკრძალა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ მზად არიან ეს სია გააფართოონ, თუ სხვა უცხოელი აქტორები კურსს არ შეცვლიან.
აღნიშნულს გამოეხმაურნენ ევროკომისიაში, სადაც მკაცრად გმობენ აშშ-ის ამ გადაწყვეტილებას. მათი თქმით, გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა ევროპაში. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი აშშ-ის ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს.