შუახევის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დაამტკიცა

24 დეკ 2025

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცეს. მომავალი წლის ბიუჯეტი 34 მილიონ 280 ათასი ლარია,   რაც მიმდინარე  წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით,  3 მილიონ 130 ათასი ლარით არის გაზრდილი.
პრიორიტეტული მიმართულებებია   მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, რომლისთვისაც 8 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული,  სამუშაოები ძირითადად მოიცავს წყალმომარაგების ქსელის გაუმჯობესებას, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობას, საგზაო ინფრასტრუქტურის გამართვასა და გარე განათების მოწყობას, ასევე დაგეგმილია დაბის რეაბილიტაცია, სამთო იალაღებზე ელექტრო ენერგიის  სისტემის გამართვა.  
განათლების,  კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის ხელშეწყობისთვის 732 ათასი ლარია გამოყოფილი, რომლითაც გაგრძელდება სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, საპიკნიკე სივრცეების მოწყობა, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია.  მომავალ წელს  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით  2 მილიონ ნახევარზე მეტია გათვალსიწნებული.
განხორციელდება მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებიც. ახალი ბიუჯეტით გაიზარდა მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი აიპების დაფინანსება. 10% ით გაიზარდა აიპებში, მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება. ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების 35% რესპუბლიკური ბიუჯეტიდან კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერია.