21 დეკ 2025
კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ, შესაძლოა, დაკარგოს ვიზალიბერალიზაცია.
ანგარიშის პათოსს იზიარებენ ოპოზიციაში და ხელისუფლებას იგივე მოთხოვნებს უყენებენ, რაზეც ბრიუსელი საუბრობს.
მმართველ გუნდში კი შანტაჟზე საუბრობენ და ნაკლებად აქვთ მოლოდინი, რომ შეჩერების გადაწყვეტილებაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციები შეჯერდება.
დოკუმენტის თანახმად, „ევროკომისია სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევების გამო და უკუსვლის სისტემური და განზრახ ხასიათის გათვალისწინებით, განიხილავს შესაბამის ზომებს ვიზის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში.
პირველ ეტაპზე ვიზის შეჩერება შესაძლოა შეეხოს საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებიც ძირითადად პასუხისმგებელნი არიან რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე.
ანგარიშში ნათქვამია, რომ თუ პრობლემები არ მოგვარდება, ვიზის შეჩერება შეიძლება გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე.