20 დეკ 2025
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია 35 წლისაა. საზეიმო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ შედგა. სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ეროვნული გვარდიის როლზე ისაუბრა.
ღონისძიება სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები უწყებრივი მედლებით - „სამშობლოსთვის თავდადებული“, „გენერალი მაზნიაშვილი“, „გენერალი კვინიტაძე“, „გიორგი ანწუხელიძე“, „თეთრი გიორგი“ დაჯილდოვდნენ.
მათ ასევე გადაეცათ საშტატო იარაღები და სამკერდე ნიშნები - „ღირსეული გვარდიელი“. საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა. გვარდია იყო პირველი სამხედრო შენაერთი, რომლის ბაზაზეც საქართველოს თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა.
დღეს საქართველოს ეროვნული გვარდიის მთავარი მიზანი თავდაცვის ძალების რეზერვის მომზადება-გადამზადება, საბრძოლო წვრთნების ორგანიზება, საბრძოლო ოპერაციებისას მხარდამჭერი და უსაფრთხოების ოპერაციების განხორციელება, საომარი და საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა წარმოადგენს.