ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოსა და სერბეთს შორის იყოს უფრო მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობა - პრეზიდენტი

18 დეკ 2025

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოსა და სერბეთს შორის უფრო მჭიდრო, საქმიანი ურთიერთობა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, სერბეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ახალ ინიციატივებზე ისაუბრეს.

„ჩვენს ღირებულებებს, ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ სარწმუნოებას როგორც ქართველებისთვის, ასევე სერბებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დღეს მომეცემა საშუალება, ვესტუმრო წმინდა ტაძარს ბელგრადში, მოვინახულო მისი უწმინდესობა, პატრიარქი. ამას ჩვენი ხალხისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, დიდ პატივს ვცემთ ჩვენს სარწმუნოებას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობა იყოს. ძალიან ბევრი შეხება არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის. თქვენ ისაუბრეთ ახალ ინიციატივებზე, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, უფრო მეტ საშუალებებს მოგვცემს. საუბარი გვქონდა იარაღის წარმოებებზე, სოფლის მეურნეობის დარგზე. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია სოფლის მეურნეობის დარგში, გეოგრაფიულადაც და რელიეფურადაც. დიდი შესაძლებლობებია, საქართველოში ყველა პირობაა, რომ ჯანსაღი პროდუქცია იწარმოებოდეს. ამაზე გვქონდა საუბარი. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ურთიერთობა მოგვცემს საშუალებას, სოფლის მეურნეობის დარგშიც, ამ მიმართულებითაც მივაღწიოთ წარმატებებს “, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ამასთან, მიხეილ ყაველაშვილმა ევროკავშირთან ურთიერთობის მიმართულებითაც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა დღეს არცთუ ისე სახარბიელოა.

მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნულის მიზეზად დაასახელა ის, რომ, პრეზიდენტის შეფასებით, ევრობიუროკრატიის ხელმძღვანელებს საქართველოს მიმართ ხშირად უსამართლო დამოკიდებულება აქვთ.

მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, ხშირად არის ორმაგი სტანდარტი და ეს არ არის სიახლე არც სერბეთისთვის.

„მინდა, ბატონ ალექსანდრს მადლობა გადავუხადო ჩემი მოწვევისთვის ამ უმშვენიერეს, ჩვენთვის, ქართველებისთვის ძვირფას ქვეყანაში. მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები სერბეთში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი თბილი მასპინძლობა გამიწიეთ. ჩვენი ქვეყნების ისტორია, დიპლომატიური ურთიერთობა 30 წელს ითვლის და ესეც საგულისხმოა, რომ პირველი ვიზიტია პრეზიდენტების რანგში ჩემი მხრიდან. ურთიერთობები, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, უფრო მეტად მჭიდრო უნდა გავხადოთ. თქვენ ახსენეთ, რომ სულ რამდენიმე ხანში იგეგმება კომისიის შეხვედრა სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ძალიან ბევრი საკითხი განიხილება. ჩვენ ვისაუბრეთ საგანმანათლებლო სისტემაში თანამშრომლობაზე, ახალგაზრდების ურთიერთობაზე. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის გამოცდილება, რომელიც თქვენც და ჩვენც დაგვიგროვდა ევროკავშირთან ურთიერთობასთან დაკავშირებით.

ჩვენმა საზოგადოებამაც და საერთაშორისო საზოგადოებამაც იცის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობა დღეს არცთუ ისე სახარბიელოა, რადგან – პირდაპირი ვიქნებით – ჩვენ მივიჩნევთ, რომ ის დამოკიდებულება, რომელიც ევრობიუროკრატიის ხელმძღვანელებს ხშირად აქვთ ჩვენს ქვეყანასთან, არის უსამართლო. ხშირად არის ორმაგი სტანდარტი. ეს არ არის სიახლე ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის, სერბეთისთვის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის წევრი, პირველ რიგში, ემყარება სამართლიან პრინციპს, იმ ღირებულებებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა ევროპაში.

„ჩვენ ვართ მშვიდობიანი ქვეყანა. თვე არ გავა, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო არ ფიგურირებდეს განვითარების კუთხით. ეს ეხება ეკონომიკურ საკითხებს, გამჭვირვალობას, სასამართლო სისტემას და ა.შ. ამიტომ, იმედი გვაქვს, ევრობიუროკრატია იქნება სამართლიანი შთამომავალი იმ ევროპის, რომლის ნაწილიც ჩვენც და სერბი ხალხიც არის. ევროპა არის ყველა ქვეყნისთვის მიმზიდველი მხარე, მისი ისტორია იძლევა შესაძლებლობას და წარმოდგენას, რომ განსხვავებული დამოკიდებულება უნდა იყოს.

ჩვენი სურვილი, გავხდეთ ევროკავშირის წევრები, პირველ რიგში, ემყარება სწორედ იმ სამართლიან პრინციპს, იმ ღირებულებებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა ევროპაში. ამიტომ, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება ამ მიმართულებით და ფუნდამენტურ ღირებულებებს დაიბრუნებს ევროპა, ევროპელი ხალხი და ისევ გახდება ძლიერი და მიმზიდველი რეგიონი.

ამიტომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვითანამშრომლოთ. დიალოგი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა წარმოებდეს ევროკავშირთან, რომლისთვისაც ყოველთვის მზად ვართ. ევროკავშირთან გვაქვს სამართლიანი დამოკიდებულება და ყოველთვის მზად ვართ, რომ ვიყოთ ღია, რათა მეტი პროგრესი იყოს ჩვენს და ევროპულ ქვეყნებს შორის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.