16 დეკ 2025
თეა ახვლედიანმა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან წარჩინებულ სტუდენტს, დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო სტიპენდია და შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.
2025-2026 სასწავლო წელს დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდიატი გახდა გიორგი გამისონია, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის, გალის რაიონის სოფელ საბერიოს საშუალო სკოლა დაამთავრა და ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად სტუდენტი გახდა.
სახელობითი სტიპენდია 600 ლარის ოდენობით მას ყოველთვიურად ოთხი სასწავლო წლის განმავლობაში გადაეცემა. თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ უნიკალურ მექანიზმებსა და საშეღავათო პროგრამებზე;
ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის მნიშვნელობას და მათ სწავლასა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სასტიპენდიო ინიციატივის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.