სკოლამდელი და ზოგადი განათლების ბიუჯეტი გაიზარდა 419 მილიონი ლარით, უმაღლესი და პროფესიული განათლების კი 30-30 მილიონი ლარით, რაც უზრუნველყოფს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას - პრემიერი

27 ივნ 2025

მნიშვნელოვნად გაიზარდა განათლებისა და მეცნიერების სფეროს ბიუჯეტი, კონკრეტულად სკოლამდელი და ზოგადი განათლების ბიუჯეტი გაიზარდა 419 მილიონი ლარით, ორ მილიარდ 43 მილიონი ლარიდან ორ მილიარდ 462 მილიონ ლარამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს ზრდა დიდწილად განაპირობა მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდამ.

„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია სკოლის მასწავლებლებისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა, სოციალური პირობების გაუმჯობესება. 2024 წლის 1-ელი ივლისიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სკოლის მასწავლებლების შრომის ანაზღაურება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, 30 მილიონი ლარით, 145 მილიონიდან 175 მილიონ ლარამდე გაიზარდა პროფესიული განათლების ბიუჯეტი, ასევე 30 მილიონი ლარით გაიზარდა უმაღლესი განათლების ბიუჯეტი – 171 მილიონიდან 201 მილიონ ლარამდე.

„მეცნიერების ბიუჯეტი გაიზარდა 6,65 მილიონი ლარით, დაახლოებით 79,6 მილიონი იყო ბიუჯეტი და გაიზარდა დაახლოებით 86 მილიონ ლარამდე. ახალგაზრდული პროგრამების ბიუჯეტი გაიზარდა თითქმის 5 მილიონი ლარით, 8,9 მილიონიდან 13,8 მილიონ ლარამდე. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ზრდა უზრუნველყოფს შესაბამისი პროგრამების გაფართოებას და განათლების ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით,   საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დასრულდა 71 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ამჟამად მიმდინარეობს 243 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება გრძელდება სკოლების მიმართულებითაც.

„დასრულდა სამუშაოები 110 სკოლაში, მიმდინარეობს 296 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ვიწყებთ 22 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას. აშენდა 1 პროფესიული სასწავლებელი და დაიწყო 4 ახალი პროფსასწავლებლის მშენებლობა“, - აღნიშნა პრემიერმა.