03 ნოე 2024
რაიონულ და საქალაქო სასამართლოებში საარჩევნო სარჩელების განხილვები დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სასამართლოს ოპოზიციური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმართეს.
არჩევნების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით საიას სარჩელი ბათუმის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. იურისტები საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ, რადგან უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, როგორც თავად ამბობენ, დარღვეული იყო ხმის ფარულობა.
საუბარია ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერით გაფერადებული რგოლის გამოჩენაზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა დააყენეს შუამდგომლობა, თვალსაჩინოებისთვის მომხდარიყო ნებისმიერი ერთი უბნის დათვალიერება, თუმცა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მიზეზად ის გარემოება დასახელდა, რომ არჩევნების დღეს სადამკვირვებლო მისიებს ამ თემასთან დაკავშირებით საჩივარი არ დაუწერიათ.