ცესკომ საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება, ბათუმში, ერთ-ერთ იმიტირებულ საარჩევნო უბანზე მოაწყო

21 ივლ 2024

საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ, ცესკო იუწყება.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროცესის მიმდინარეობას დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ბათუმში, დააკვირდა. გიორგი კალანდარიშვილი ერთ-ერთ იმიტირებულ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.

„მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუცია ქმნის ყველანაირ შესაძლებლობას იმისთვის, რომ ამომრჩეველს მაქსიმალურად მიაწოდოს ინფორმაცია იმ ნოვაციების შესახებ, რომელიც 26 ოქტომბრისა და შემდგომ არჩევნებზე იქნება გამოყენებული“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

პროექტი დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, ივლისის ყოველ შაბათ-კვირას, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წინასწარ განსაზღვრული 89 ლოკაციიდან შეარჩიონ ერთ-ერთი, გაიარონ რეგისტრაცია და მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ საარჩევნო პროცესში.