ირაკლი კოპლატაძემ, რომელმაც ელჩობიდან წასვლაზე სოციალურ ქსელში დღეს დაწერა, სლოვენიაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა - საგარეო უწყება

22 ივნ 2024

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირაკლი კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობა ახლახანს დატოვა.

უწყების ინფორმაციით, ირაკლი კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა და ექვს თვეზე მეტია, საქართველოში იმყოფება.

„ირაკლი კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში დიპლომატიური მისია დაასრულა 2023 წლის 3 დეკემბერს და მას შემდეგ, ექვს თვეზე მეტია, იმყოფება საქართველოში, დიპლომატიურ რეზერვში. შესაბამისად, მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, – განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ირაკლი კოპლატაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი საქმიანობის შემდეგ,  ფორმალურად დაუბრუნა დიპლომატიური პასპორტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.