უმაღლეს სასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ, ზოგიერთი მიმართულების საბაკალავრო პროგრამა სამწლიანი გახადონ

01 მარ 2024

განათლების მინისტრის ბრძანებით, უნივერსიტეტებს შეეძლებათ, ზოგიერთი მიმართულების ბაკალავრი 3-წლიანი გახადონ, ხოლო მაგისტრატურა 1-წლიანი. ბრძანების თანახმად, რომელიც უკვე ძალაშია, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, ხოლო მაგისტრატურის პროგრამა - არანაკლებ 60-ს.

ბაკალავრიატის მიმართულებით, ცვლილებები იქნება ხელოვნების, ბიზნესისა და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამის, მაგისტრატურაში კი ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად ეროვნული გამოცდების ჩაბარება სავალდებულო არ იქნება.   ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას გარკვეული შეზღუდვები ექნება, მაგალითად, სადოქტორო საფეხურის გაგრძელება შეზღუდული იქნება.