ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა - “ლელო” პროკურატურას მიმართავს  

17 იან 2024

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციისთვის შერჩეულ კომპანიებთან არაერთხელ გაწყვეტილი ხელშეკრულებების   საქმის შესწავლის მოთხოვნით  ''ლელოს'' წევრები პროკურატურას  მიმართავენ. როგორც პარტიაში  განაცხადეს,  კომპანია სინოჰიდროს, რომელსაც 110 მილიონ ლარად გზის რეაბილიტაცია უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულება გუშინ  შეუწყდა.

გენო თებიძე  ქართული ოცნების მაღალჩინოსნების  კორუფციულ გარიგებებში  ჩართულობაზე  საუბრობს  და  პროკურატურას  არამხოლოდ  შერჩეული კომპანიების, არამედ  სამუშაოების შემსრულებელი ქვეკონტრაქტორი  კომპანიების  საქმიანობის შესწავლასაც სთხოვს.

საქართველოს გზების დეპარტამენტში სატელევიზიო კომენტარზე უარი  გვითხრეს და განმარტეს, რომ კომპანიას ხელშეკრულება ვადაგადაცილების გამო უწყდება, რის გამოც მასთან სამართლებრივი დავა იწყება. მათივე  თქმით, კომპანია  სინოჰიდროსთან  დავის დეტალების გასაჯაროვებამ  შესაძლოა   სამართლებრივ  დავას ხელი შეუშალოს, რის გამოც კონკრეტიკისგან  თავს იკავებენ. 

დავის პარალელურად გზის მშენებლობაზე ახალი ტენდერი უნდა გამოცხადდეს, თუმცა  ახალი  ტენდერის პირობები და თანხის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.