შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი  

21 სექ 2023

შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი  “ბათუმის რაფსოდია“ იწყება. “ოპერის ოქროს ხმის“ პროექტის შემდეგ, წელს ოპერის ოქროს ხმის ვოკალის აკადემიის კვირეული და გრანდიოზული მოსმენა ჩატარდება. პროექტს 130-მდე მონაწილე ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებსაც მასტერკლასებს ცნობილი საოპერო მომღერლები ჩაუტარებენ.

მენტორების საერთაშორისო ჯგუფი უკვე ბათუმშია და დღეიდან ვორქშოპებიც იწყება. 

მასტერკლასები 6 დღეს გაგრძელდება, რის შემდეგაც დაგეგმილია მოსმენა მსოფლიოს წამყვანი სააგენტოებისა და თეატრების წარმომადგენლებთან, პროდიუსერებთან.

ფესტივალის ფარგლებში, 28 სექტემბერს ჩატარდება გალა კონცერტი სომხეთის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის ორკესტრის თანხლებით, 1 ოქტომბერს კი პროექტს დახურავს სამი ტენორის გალა კონცერტი.

ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია თამარ ივერი. ფესტივალი წელს მეორედ ტარდება, პროექტის მიზანი ახალგაზრდა მუსიკოსების მხარდაჭერაა.