07 ივლ 2023
უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, დაატოვებინონ ჩვენს ელჩს უკრაინის ტერიტორია - ეს არის უსამართლო, უსაფუძვლო, არამეგობრული და არადიპლომატიური - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
"არადიპლომატიური იმიტომ, რომ მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს პრაქტიკაში. რა თქმა უნდა, ელჩის გამოძახების პრაქტიკა კონსულტაციებზე არსებობს, მაგრამ ამას აკეთებს ქვეყანა საკუთარი ელჩების მისამართით და არა ადგილსამყოფელ ქვეყანაში - ის ქვეყანა იღებს ამ გადაწყვეტილებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს ელჩთან“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მისივე განმარტებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს ელჩთან. მან უკვე დატოვა უკრაინის ტერიტორია.
მისივე თქმით, გიორგი ზაქარაშვილი სამინისტროში ელჩის რანგში მუშაობას გააგრძელებს.
„საქართველოს საელჩო კიევში განაგრძობს მუშაობას. დიპლომატები ადგილზე არიან და ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. გიორგი ზაქარაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მძიმე წუთებში, რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელ ელჩთან ერთად, კიევი ერთი დღე არ დაუტოვებია და მის მიმართ, თუნდაც ადამიანურად, ეს გადაწყვეტილება უსამართლოა. სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საერთოდ კითხვები არ არსებობს. სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობიანად ეპყრობა ყველა პატიმარს, მათ შორის სააკაშვილს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
დარჩიაშვილის განმარტებით, საერთაშორისო დონეზე უკრაინის მხარდაჭერისთვის თუ ჰუმანიტარული დახმარების გაწევის თვალსაზრისით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა.
„მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ღირსეულ დამოკიდებულებას, მხარდამჭერ ნაბიჯებს, რადგანაც მიგვაჩნია, რომ დღეს მიუხედავად ძალიან ბევრი უსამართლო, საფუძველს მოკლებული ცილისწამებისა თუ ბრალდებისა, რომელიც გვესმის, ქვეყანა, რომელიც ომშია, დღეს ამის დრო არ არის. ჩვენ ცალმხრივად გავაგრძელებთ მეგობრობას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობენ მსგავსი მოვლენების განვითარებას, უახლოეს მომავალში ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამენ“, - აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოს ელჩმა უკრაინა უკვე დატოვა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.