ბათუმის ბულვარი საზღვაო სეზონისთვის ემზადება

22 მაი 2023

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ბულვარში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბულვარში საჯარო და კერძო ობიექტების რეაბილიტაცია-განახლება მიმდინარეობს.

"რეაბილიტაცია უტარდება ბულვარის კოლონადებს, ეწყობა საბავშვო კუთხეები, მიმდინარეობს გამწვანებითი სამუშაოები.

ბათუმის ბულვარის კოლონადას სარესტავრაციო სამუშაოები უტარდება, რაც გულისხმობს მთლიანი კოლონადის ზედაპირის და დეკორატიული ელემენტების პირვანდელი სახით აღდგენას. სარეაბილიტაციო სამუშაოები იწარმოება კულტურული მემკვიდრეობის კანონის შესაბამისად რესტავრატორის ჩართულობით.

ბათუმის ბულვარს შშმ პირებისთვის კიდევ ერთი ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, ტივტივა ეტლებით აღჭურვილი ლოკაცია შეემატება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.