თავდაცვის ახალი კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

04 აპრ 2023

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს „თავდაცვის ახალი კოდექსი“ პირველი მოსმენით დაამტკიცეს. პროექტს მხარი 80 დეპუტატმა დაუჭირა, ორი კი წინააღმდეგი წავიდა. ახალი კოდექსით იცვლება გადავადების პირობები: აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ არაკეთილსინდისიერი გამოყენება ჯარის თავიდან არიდების მიზნით. ახალი კოდექსით უმჯობესდება სამხედროების სოციალური გარანტიები მრავალწლიანი სამსახურის დაფასების მიზნით: თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება, სამხედროთა გარკვეული კატეგორიისთვის ყოველ სამ წელიწადში ერთხელ თანადაფინანსებით უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობა.