პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე შსს-მ ხუთი პირი ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა

16 მარ 2023

14 მარტს რუსთაველის გამზირზე აქციის დროს ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთი პირი ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა.

შსს-მ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება 14 მარტს დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდნენ, რაც ევროპის კავშირის, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას ან სხვა სახელმწიფოს დროშის, გერბის შებღალვას გულისხმობს და ფიზიკური პირის 1 000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შესაძლო ადმინისტრაციულ დარღვევასთან დაკავშირებით მოკვლევა გრძელდება. მათივე ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.

14 მარტს „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს, ხოლო მის ადგილზე რამდენჯერმე სცადეს საქართველოს დროშის აღმართვა.