სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმე „რეტროს“ ხუთი ადამიანის, სავარაუდო საკვებისმიერი, ინტოქსიკაციის გამო საქმიანობა შეუჩერა

02 მარ 2023

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმე „რეტროს“ საქმიანობა შეუჩერა.

უწყებაში აცხადებენ, რომ სააგენტომ ქ. თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო შეტყობინება 5 ადამიანის სავარაუდო საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ. ხუთივე მათგანმა მიირთვა შაურმა საშაურმე „რეტროს“ (შპს „ბრაზერს“) ორ სხვადასხვა მისამართზე (აბასთუმნის ქ. 1ა და სამტრედიის ქ. #9) მდებარე ობიექტში.

"მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა აღნიშნულ ობიექტებში სახელმწიფო კონტროლი მყისიერად განახორციელეს. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის ნიმუშები. ამასთან, საშაურმეებში ზოგადი სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს; დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

"სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 66-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარით და შეუჩერდა საქმიანობის უფლება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე"- განმარტავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.