02 იან 2023
პარლამენტის მიერ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები ძალაში შევიდა, რომლის მიხედვითაც 2023 წლის შემდეგ დაბადებული დევნილი სახელმწიფოსგან ბინას ვეღარ მიიღებს. სახელმწიფო ორგანოებს დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება 2023 წლის 1-ელ იანვრამდე დაბადებულ პირებთან მიმართებით ექნებათ. იმ პირების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა კი, რომლებიც 2023 წლის 1-ელ იანვრამდე არასრულწლოვანები არიან, მათი აღმავალი შტოს ოჯახის წევრებთან ერთად მოხდება და მომავალში ინდივიდუალურად საცხოვრებლის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ.
კანონპროექტში გამონაკლისის წესით ვრცელდება 2023 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებულ იმ პირებზე, რომელთა ორივე მშობელი გარდაიცვალა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე. ეს პირები უზრუნველყოფილი იქნებიან ისეთივე საცხოვრებლით, როგორიც უნდა მიეღოთ მათ მშობლებს.