დეკანოზ მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

03 ნოე 2022

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით,  საქმეში სამართალწარმოება მთლიანობაში არ ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს. ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას იმ ნაწილში, თუ როგორ იქნა მოპოვებული და გამოყენებული მტკიცებულება განმცხადებლის წინააღმდეგ, თუმცა ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო.

სასამართლო ასევე წერს, რომ დეკანოზ მამალაძის საქმეში დაირღვა მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ნიშნავს.

სასამართლოს დავალებით, მამალაძეს სახელმწიფომ 9 418 ლარი უნდა გადაუხადოს. დეკანოზი მამალაძე ზიანის ანაზღაურებას 376,304 ლარის ოდენობით ითხოვდა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, გიორგი მამალაძის ადვოკატმა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის გამო მიმართა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.