გაერო - 3 ნოემბერს გემები „მარცვლეულის დერეფნის“ გავლით იმოძრავებენ

02 ნოე 2022

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი, „მარცვლეულის დერეფნის“ საშუალებით, 3 ნოემბერს გაგრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა განაცხადა.

„შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გრძელდება. ხუთშაბათს, 3 ნოემბერს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით დატვირთული 8 გემის „მარცვლეულის დერეფნის“ გავლით გადაადგილება იგეგმება. ჩვენ მივიღეთ დასტური გაერო-სგან. ასევე ხვალ ინსპექტირება ბოსფორშიც ჩატარდება“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, 29 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებაში“ მონაწილეობას აჩერებს და ეს გადაწყვეტილება სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის გემებზე განხორციელებული თავდასხმის გამო მიიღეს.