გამოკითხვები ვაკის შადრევნის საქმეზე 

15 ოქტ 2022

ვაკის პარკში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე გამოკითხულია ასამდე პირი. კახა მურადაშვილის განცხადებით, დანიშნულია ექსპერტიზები და  გამოძიება  დოკუმენტაციას სწავლობს.

„ვაკის პარკის საქმეზე" „გრინსერვის +”-ის დირექტორის ლაშა ფურცხვანიძის და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილის გამოკითხვა დაახლოებით 26 საათის განმავლობაში გაგრძელდა ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში.

გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ფურცხვანიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაკის პარკში სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული, ყველა საბუთი არსებობს - ”ძალიან არ მინდა ვთქვა, მაგრამ ერთადერთი რაღაც წინასწარგანზრახულ ქმედებას ჰგავს” -განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

ამბობს, რომ შადრევანი ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში მუშაობდა და ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს. 

გამოძიება ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.